სოციალურად დაუცველი ბავშვები

     გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვთა უფლებების კონვენციის ერთ-ერთ პუნქტში ვკითხულობთ: “ბავშვს აქვს სიცოცხლის შენარჩუნებისა და ყოველმხრივი განვითარების უფლება (იგულისხმება ბავშვის ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური, ფსიქო-სოციალური და კულტურული განვითარება)”.თუმცა, როგორც უმეტეს შემთხვევაში, კონვენცია მხოლოდ ქაღალდზე დაწერილის ხასიათს ატარებს. რეალობა კი გაცილებით რთულია.

რა პროექტები ხორციელდება საქართველოში, კერძოდ კი – თბილისში სოციალურად დაუცველი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით? “ამბიონი” ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” დღის ცენტრ “ცისარტყელას” დირექტორს, ქალბატონ თინა კიკალიშვილს ესაუბრა.

ქალბატონო თინა, რა საქმიანობას ეწევა თქვენი ორგანიზაცია სოციალურად დაუცველი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით?

ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” ორიენტირებულია დახმარება გაუწიოს სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებს, როგორც უსახლკაროებს, ასევე სოციალურად დაუცველებს. გვაქვს განსხვავებული პროექტები, რომლებსაც ჩვენი რამდენიმე ცენტრი ახორციელებს. “ცისარტყელა” არის ცენტრი, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ თბილისის ფარგლებში. ადრე გვყავდა უსახლკარო ბავშვებიც. დაფინანსებას მხოლოდ სახელმწიფოსგან ვიღებთ (ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც თვეში 130 ბავშვს აფინანსებს). ბავშვებს სოციალური სააგენტო აძლევს ვაუჩერს, ამდენად ბავშვი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ცენტრში წავიდეს. დღის ცენტრის ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობაა 50 ბავშვი.

და რა თანხას შეადგენს ვაუჩერი?

თითოეული ბავშვი დღეში იღებს 5 ლარიან ვაუჩერს. ამაში შედის კვება, გადასახადები, იჯარა, მასწავლებლების ხელფასები და ინვენტარის შეძენა.

თუ იღებთ სხვა გრანტებს გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა, ან თუ ხორციელდება ქველმოქმედება?

არანაირ გრანტს არ ვიღებთ, მიუხედავად საჭიროებისა. ქველმოქმედების თვალსაზრისით, კეთილი ნებიდან გამომდინარე…

რა კრიტერიუმებით არჩევს სოციალური სამსახური სოციალურად დაუცველ ბავშვებს?

ჩვენთან არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ 70 000-ზე დაბალი ქულა (შეფასებული არიან ბავშვზე ზრუნვის სამსახურის სოციალური მუშაკის მიერ მათ ოჯახში არსებული მატერიალური მდგომარეობის მიხედვით). ამ შემთხვევაში იღებენ ისინი 5 ლარიან ვაუჩერს; შედარებით მაღალი ქულის შემთხვევაში სახელმწიფო მას 80%-ს უფინანსებს.

როგორი ასაკობრივი ზღვარი გაქვთ?

ჩვენთან ძირითადად 6-დან 18 წლამდე ბავშვები არიან, რომლებიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში ნაწილდებიან.

როგორია ბავშვების ჩვეულებრივი დღე ცისარტყელაში, რა გასართობი და კულტურული ღონისძიებები გაქვთ ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი?

აქ ბავშვები პირველი საათიდან მოდიან, ანუ სკოლის შემდეგ და 6 სთ-მდე არიან. დროის ამ ინტერვალში შედის ორჯერადი კვება, მეცადინეობა, სიმღერისა და ხატვის გაკვეთილები. დაფინანსებიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებთ ბავშვების ჩართვას ისეთ კულტურულ ღონისძიებებში, როგორიცაა თეატრი და ა.შ. თუმცა გვყავს ფსიქოლოგი, რომელთანაც ბავშვები გადიან ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, რაც მათ ეხმარებათ საზოგადოებასთან ინტეგრირებაში.

ზურა ქარჩავა (“ცისარტყელას” ფსიქოლოგი): “სოციალურად დაუცველი ბავშვების მთავარ პრობლემას წარმოადგენს ოჯახებში არსებული არასათანადო მატერიალური სიტუაცია (თუნდაც ტანსაცმლის ან გარკვეული ნივთის არქონა), რაც იწვევს მათ ჩაკეტვას გარესამყაროსგან. ოჯახური მიკროსოციუმიდან გამომდინარე, დაძაბული მდგომარეობა, უმუშევრობა, ძალადობა (თუნდაც არაფიზიკური) და ა.შ. არის ბავშვის დათრგუნვის განმაპირობებელი მიზეზი. ამასთანავე აღნიშნულმა მას შეიძლება გაუჩინოს არასრულფასოვნების განცდა. ბავშვი არის ერთგვარი სარკე, მისი ქცევა და ემოცია გვაძლევს წარმოდგენას იმ გარემოზე, სადაც ის იზრდება.”

ამდენად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მიზერული სახელმწიფო დაფინანსების ფონზე მოცემული ფიზიკური, ინტელექტუალური, ფსიქოლოგიური და კულტურული განვითარების დონე შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ ძლიერი სოციუმის არსებობის შემთხვევაში შევძლებთ, რომ მათ სხვა განზომილების წარმომადგენლებად არ იგრძნონ თავი, არ გაუჩნდეთ უსაფუძვლო კომპლექსი, თამამად შეძლონ გარემოში ადაპტირება და საკუთარი თავისა და ნიჭის რეალიზება.

ქრისტიანობა

ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. „აბრაამისეულ რელიგიებს“.
ქრისტიანობის წარმოშობა-ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში – პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.
ეკლესიის მოწყობა და იერარქია-IV საუკუნეში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა რომის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას შეუსაბამა. რომის იმპერია იყოფოდა დაახლოებით 100 პროვინციად, ყოველი პროვინცია – რამდენიმე საქალაქო ოლქად. ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ოლქებში სამრევლოები მოაწყო, რომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ სამოქალაქო ოლქის ეპისკოპოსს, ხოლო საქალაქო ოლქების ეპისკოპოსები – პროვინციის არქიეპისკოპოსს (მთავარ ეპისკოპოსს). არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ პატრიარქები. საპატრიარქო იყო ხუთი: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის. მიჩნეული იყო, რომ საპატრიარქოები იესო ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს. ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას განასახიარებდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.
IV საუკუნის ბოლოს, რომის იმპერიის ორად გაყოფის შედეგად, დასავლეთ რომის იმპერიაში მოექცა რომის საპატრიარქო, ხოლო დანარჩენი ოთხი კი აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.
მონასტერი და ბერ-მონაზვნები-სამღვდელოების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც განკერძოებით ცხოვრობენ მონასტრებში. ქრისტიანული ბერ-მონაზვნობა III საუკუნეში ეგვიპტეში წარმოიშვა. ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ანტონი. გადმოცემით, წმინდა ანტონს გამოეცხადა ანგელოზი, რომელიც შენაცვლებით ლოცულობდა და მუშაობდა. ანგელოზმა უთხრა ანტონს, რომ თუ ისიც მისნაირად მოიქცეოდა, ცხონებას მოიპოვებდა. ქრისტიანები, რომლებსაც გაგონილი ჰქონდათ ანტონის შესახებ, მის გვერდით სახლდებოდნენ და ქმნიდნენ ახალ ქრისტიანულ ბერ-მონაზვნურ თემს – მონასტერს.
საქართველოში პირველი მონასტრები ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნის მეორე ნახევარში. სამონასტრო მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო VI საუკუნეში, ასურელ მამათა მოსვლის შემდეგ.
დასავლეთში ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ბენედიქტე, რომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან შექმნა პირველი სამონასტრო წესდება. დასავლეთში დიდ მონასტრებს სააბატოებს უწოდებენ, ხოლო მათ წინამძღვრებს – აბატებს. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მონასტრებს თავისი მეურნეობა აქვთ. მონასტრებში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, ბევრ მონასტერთან არსებობდა სკოლა. ზოგ მონასტერში ეწეოდნენ მეცნიერულ-თეოლოგიურ მოღვაწეობას.
ქრისტიანული სამყაროს გაყოფა-რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები – ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს – კათოლიკური
კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური – დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდებოდა 1960-იანი წლების რეფორმებამდე (ვატიკანის II კრება) , მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი – ეროვნულ ენებზე.
ქრისტიანობა შედგება სამი ძირითადი მიმდინარეობისგან: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა.

ქრისტიანული სწავლება მოიცავს სწავლებას ღმერთის, იესო ქრისტეს, სულიწმინდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსის და სამყაროს აღსასრულის შესახებ და გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის ათ მცნებას:

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო.
8. არ იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

ქრისტიანობა საქართველოში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეიქმნა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე – დაახლოებით 326 წელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მცხეთის საეპისკოპოსო შეცვალა ქართლის საკათალიკოსოთი და კათალიკოსი ანტიოქიის პატრიარქისგან დამოუკიდებელი გახადა. ამგვარად, ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა. დაახლოებით IX – X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია – აფხაზეთის საკათალიკოსო გამოვიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებიდან და ქართლის საკათალიკოსოს დაექვემდებარა.
XI საუკუნიდან საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის უმაღლესი მესაჭე კათალიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებდა და რიგით მეექვსე იყო მსოფლიო პატრიარქთა შორის. 1054 წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კი მართლმადიდებლურ სამყაროში დარჩენილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს შორის.
ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში III საუკუნის დამდეგიდან იწყება, ხოლო ოფიციალურ თარიღად ცნობილი 326 წელი სარწმუნოების ოფიციალურად გამოცხადებას ეხება, რაც ყველა ქვეყანაში უფრო გვიან ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში მოციქულ ანდრია პირველწოდებულს და სიმონ კანანელს მიაწერენ.
კათოლიკური ეკლესია საქართველოში მოღვაწეობს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, ხოლო პირველი პროტესტანტული ეკლესიები დაარსდა მე-19 საუკუნეში.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჯანსაღი ცხოვრებისტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კვება.ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ  და სასარგებლო კერძებს.

ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ში განსაზღვრავს სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია, 15%-ში – გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ში – ცხოვრების წესი და კვება.​